მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაფიცვით იმუქრება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურისა და კისისხევის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები, საპარკინგე ადგილის გამოყოფას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრების გადაყვანაზე უარის თქმას აპირებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების ინფორმაციით, პრობლემა მუნიციპალური ტრანსპორტის გამოჩენის შემდეგ დადგა, როცა ავტობუსებისათვის გაჩერების ადგილების მონიშვნა დაიწყო.

სოფელ შალაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლის, გიორგი მაღალაშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტის პარკინგი, ფაქტობრივად, შუა ქუჩაში უწევს.

” ავტობუსებს მოუნიშნეს 29 მეტრიანი გაჩერება, რამაც ჩვენი გამოძევება გამოიწვია. დანარჩენი ადგილი უკავიათ ტაქსებს. გვეუბნებიან, ეგენი გაყარეთ და დადექითო, როგორ გავყარო, რა გზით. ფაქტიურად, შუა ქუჩაში ვდგავართ, უკვე ორჯერ დამაჯარიმეს. იძულებულები ვიქნებით, მგზავრების გადაყვანა შევწყვიტოთ და უკმაყოფილებას და პროტესტს ნახავენ, რა არის”-აცხადებს მაღალაშვილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო გაჩერებას, მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლების მიმართულებით, ყოველდღიურად ტაქსით გადაადგილება შეუძლებელი იქნება.

“ერთი დღე იყო მარშუტკები გაჩერებული და ტაქსები ათ ლარს გვთხოვდნენ. ტაქსი ისედაც გაძვირებულია, 4 ლარი ღირს შალაურის მიმართულებით, 7 კისისხევისკენ. აბა ვის აქვს ამის შესაძლებლობა? მარშუტკით 70 თეთრად დავდივართ და ეგეც გვეძვირება. ამხელა ქალაქში, ადგილი როგორ ვერ გამოინახა?”- განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ზინაიდა ერგემლიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით ქსოვრელიშვილი პრობლემის არსებობას ადასტურებს.

” იყვნენ ჩვენთან მოსულები და დააყენეს პარკინგის საკითხი. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და თელავის აგრარულ ბაზართან, გამოიყოფა ოთხი ადგილი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება. ამ ეტაპზე, ავტობუსს სოფლებში, ვერ დავნიშნავთ. ჩვენ ვეცდებით მძღოლებთან კომპრომისი გამოვნახოთ”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი მუნიციპალური ავტობუსი და სოფლებიდან მომავალი, ოთხი მიკროავტობუსი, მონაცვლეობით ჩერდება. დანარჩენი საპარკინგე ადგილი, წრიული მარშრუტითა და ქალაქის სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით მოძრავ, ოცამდე კერძო ტაქსს უკავია.

მსგავსი პოსტები

Back to top button