ენმ-ს წევრს თეიმურაზ ბასილაიას ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე საღებავი შეასხეს
ზუგდიდში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისულმა, 2020 წელს ავტოასაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული სუს-ის რეგიონალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ენმ-ის წევრის ირაკლი გაწერელიას ცოლმა ფატი შენგელიამ ენმ-ის ერთ-ერთ ადგილობრივ ლიდერს თემურ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა.
თემურ ბასილაიას უფლებამოსილებას დღეს დეპუტატებმა კენჭი უყარეს. მან ანი წითლიძე შეცვალა საკრებულოში, ვინაიდან იგი პარლამენტარი გახდა.
ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი გაწერელიას მეუღლის ფატი შენგელიას თქმით,2020 წელს მომხდარი ავარიის გამო დაწყებული გამოძიების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე, სადაც ავარიის დეტალები განიხილებოდა, ენმ-ს არცერთი წარმომადგენელი არც ცენტრალური, არც რეგიონული ოფისიდან არ გამოცხადდა.
“ნამდვილად არ მინდოდა ზუგდიდიდან დამეწყო, მაგრამ ვხედავ, მომიწევს. საკრებულოს წინ უნდა შევეგებო მას, ვინც გადააბიჯებს 9 წლიანი ბრძოლის გამო აქ ჩახოცილ, მთელი ცხოვრება თანამდგომ, მებრძოლ, ბიჭებს. – დაწერა სოციალურ ქსელში შენგელიამ.
თემურ ბასილაიას ფატი შენგელიასთვის მომხდარი ინციდენტის შემდეგ პასუხი არ გაუცია და საკრებულოს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრ ბათლომე შელიასთან ერთად დატოვა.
შეგახსენებთ, შემზარავი ავტოავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის ზუგდიდისა და სამეგრელოს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2020 წლის 29 ნოემბერს თბილისში ჩატარებული შეკრების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ. მიკროავტობუსს, სადაც ისინი ისხდნენ, უკნიდან ტრაილერი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი გარდაიცვალა, 10-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობდა