მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

TI-“მბრუნავი კარის” შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, ე.წ მბრუნავი კარი – საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტის და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილება, გამოვლინდა სენაკის მუნიციპალიტეტში.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი ფაქტი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ნანა ზარანდიას შემთხვევაში დაადგინეს.

კერძოდ, არასამთავრობოს ინფორმაციის მიხედვით, ნანა ზარანდია 2014 წლიდან სენაკის მერიის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2018 წლიდან კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახდა.

2019 წლის 8 თებერვალს, ის მერიიდან წავიდა და სს “არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა. კომპანიის უფროსი ნანა ზარანდია 2020 წლის 12 ივნისამდე იყო. სწორედ ამ პერიოდში კომპანიამ სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ტენდერი მოიგო და 1 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 6,054,373 ლარია. შვიდივე ხელშეკრულებას “არქეოპოლისის” მხრიდან ხელს კომპანიის დირექტორი, ნანა ზარანდია აწერს.

“შემდგომ ნანა ზარანდია კვლავ დაბრუნდა სენაკის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სწორედ ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაშია შესყიდვების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქცია მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზებაა. ამის შემდეგ სს “არქეოპოლისმა” სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 3,874,513 ლარი. ორივე შემთხვევაში ნანა ზარანდია ხელს აწერს ოქმს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი სს “არქეოპოლისთან”.

სს “არქეოპოლისი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიაა სამეგრელოს რეგიონში. იგი შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 122 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. “არქეოპოლისისგან” ყველაზე ხშირად მომსახურებას სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტი ყიდულობს – “არქეოპოლისმა” სენაკის მუნიციპალიტეტის 26 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 2 გამარტივებული შესყიდვაც”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

სს “არქეოპოლისი” საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, დემურ გადელიას კომპანიაა. გადელია პარლამენტის წევრი – სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ორჯერ იყო – 1995-1999 და 1999-2004 წლებში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ნანა ზარანდიას ჩართულობით სს “არქეოპოლისის” სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა ეს ფაქტი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

თავის მხრივ,
სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია ადასტურებს მის გადასვლას კერძო კომპანია “არქეოპოლისში”, შემდეგ კი მერიაში იგივე პოზიციაზე დაბრუნებას.

მისივე თქმით, არასდროს უმოქმედია საკუთარი ინტერესების, ან სხვისი ინტერესებით საქმეში. მათ შორის, ამბობს – არაფერს ნიშნავს ფაქტი, რომ “არქეოპოლისი” ყოფილი პარლამენტარის კომპანიაა.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, ეს კომპანია დიდი ხანია საქმიანობს და მისი დირექტორობის ხანმოკლე პერიოდში მოგებულ ტენდერებში, კორუფციის ნიშნები არ იკვეთება.

იგი ირწმუნება, რომ კომპანიამ ტენდერები სრულიად დამსახურებულად მოიგო.

რატომ დატოვა საჯარო სამსახური და კერძოში გადაინაცვლა, შემდეგ კი ისევ რატომ დაბრუნდა ძველ პოზიციაზე სამუშაოდ, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავის დროზე პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო სახელფასო ანაზღაურების გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button