მოძალადეებს შეძლებისდაგვარად ვაკავებდით – ვახტანგ გომელაური

5 ივლისს თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობას ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ამბობს, რომ უწყებამ ქუჩებში იმდენი პოლიციელი გაიყვანა, რამდენის შესაძლებლობაც ჰქონდა.
ამასთან, მინისტრი თქმით პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მისი მტკიცებით, შსს-მ ქუჩებში სპეცრაზმიც გაიყვანა, თუმცა მათ სპეციალური ეკიპირება არ ეცვათ.
„ვინ გეუბნებათ, რომ სპეცრაზმი არ იყო გამოყვანილი არ ვიცი. სპეცრაზმი იყო გამოყვანილი… სპეცდანიშნულების რაზმმა აუცილებლად რობოკოპებად ჩაცმულებმა არ უნდა იარონ. ისინი არიან ჩვეულებრივად პოლიციელები.
სპეცრაზმი იყო გამოყვანილი – 3 200 კაცი მუშაობდა. 3 ლოკაცია იყო თავიდან, მერე იყო 8 და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3 200 ადამიანი რომ გავყოთ 20 ლოკაციაზე, დახლოებით 150 კაცი გამოვა. საშუალება რისიც იყო გამოვიყვანეთ…მოძალადეებს, რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 პირი ჰყავს დაკავებული.