მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერისათვის რამდენიმე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლების, სანავარდოს და შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის პირებზე, თევზის მოსაპოვებლად, მოქალაქეები ეგრეთწოდებულ ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებს, ჩოგან ბადეებსა და აკუმულატორების იყენებდნენ.
თევზმახეებით მიმდინარეობდა უკანონო თევზჭერა მდინარე ალაზანზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი 13 ივლისს გამოავლინეს.
სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მოპოვებული მასალები მომხდარი ფაქტების შესახებ, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
მდინარე ალაზანზე, აკრძალული საშუალებებით თევზჭერის შესახებ, მოქალაქეები, სოციალურ ქსელში უკვე რამდენჯერმე წერდნენ.