მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ილია ფილფანს 1 წელია უშედეგოდ ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტიდან, 12 წლის ილია ფილფანის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა. გამოძიებაც ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა ოჯახს ამ დროდმე არ აქვს არანაირი ინფორმაცია,თუ სად გაუჩინარდა მოზარდი.

ილია ფილფანი 2020 წლის ივლისში სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს, ვერც მის კვალს მიაგნეს. ასევე უგზოუკვლოდ დაიკარგა 20 წლის წინ ბავშვის ბაბუაც როლანდ ფილფანი და გამოძიებამ ვერც მაშინ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი. ვერც გამოძიება და ვერც ოჯახი ვერ საუბრობს, არის თუ არა კავშირის ამ ორ ფაქტს შორის.

“ილია ფილფანი 2020 წლის 18 ივლისს სვანეთში, სოფელ ლენჯერში გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, ის სახლიდან ველოსიპედით 11:30 საათზე გავიდა და მას შემდეგ მოზარდი არავის უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მალევე აღიძრა და დღემდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება არ ფლობს რაიმე მნიშვნელოვან და ხელჩასაჭიდ ინფორმაციას. არ არის ნაპოვნი ის ველოსიპედი ან ტანსაცმელი, რითაც სახლიდან გავიდა ილია ფილფანი. არაერთი საგამოძიებო მოქმედების მიუხედავად, გამოძიებას არ აქვს ინფორმაცია მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ.

საინტერესო დეტალი: 20 წლის წინ ასევე გაუჩინარდა ილია ფილფანის ბაბუა. გამოძიება მაშინაც ასე ჩიხში შევიდა და ასევე არ ჰქონდა თავის დროზე არანაირი ინფორმაცია ფილფანის ბაბუის, როლანდ ფილფანის გაუჩინარების შესახებ, რომელიც 2001 წლის შემდეგ არავის უნახავს.

მესტიის რაიონულ პროკურატურაში მიმდინარეობს N058190720001 საქმის გამოძება არასრულწლოვან ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ილია ფილფანის მამის, დავით ფილფანის ინტერესებს.

2001 წელს, სვანეთში უგზოუკვლოდ დაიკარგა დავით ფილფანის მამა, როლანდ ფილფანიც და დღემდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა განცხადებით მიმართა მესტიის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება როლანდ ფილფანის უგზოუკვლოდ დაკარგვის ფაქტზე. 2021 წლის 25 მარტს N13/27-16870 მოვიდა ცნობა, რომ 2004 წელს დაბა მესტიაში, კახიანის ქ.N12-ში მდებარე შსს-ს მესტიის რაიონული სამმართველოს ადმინსტრაციულ შენობას გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც იქ არსებული დოკუმენტების დიდი ნაწილი დაიწვა და სავარაუდოდ გაანადგურა როლანდ ფილფანის საქმეზე არსებული ჩანაწერებიც.

გამოძიებისთვის დღემდე უცნობია აქვს თუ არა ბაბუას გაუჩინარების ამბავს რაიმე საერთო კავშირი შვილიშვილის, ილია ფილფანის გაუჩინარებასთან.”,- აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი დიმიტრი ნოზაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button