დადგება თუ არა დროშის დაზიანებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა-დეპუტატები სანქციების გამკაცრებაზე მსჯელობენ
ქვეყნის სიმბოლიკის, დროშისა და გერბის დაცვის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ ოპოზიციასთან ერთად იმსჯელა. ყურადღება 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხევაზე გამახვილდა.
კახა კუჭავამ და საპარლამენტო ოპოზიციამ დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელეს.
“კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ დროშასთან დაკავშირებით მკაცრდებოდა სანქციები. ასევე, არ არსებობდა ჩანაწერი ევროკავშირის დროშის დახევასთან დაკავშირებით. ახლა არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საუბარი იყო, ხომ არ გამკაცრებულიყო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყოფილიყო დროშის დაწვასთან დაკავშირებით”, – თქვა პარლამენტოის ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს და დაწვეს.