აშშ-მა სომალიში ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა
მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო პოსტი დაიკავა, აშშ-მა სომალიში ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბის“ წინააღმდეგ პირველი ავიადარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პენტაგონის განცხადებით, ავიადარტყმები ე.წ. დრონების საშუალებით ქალაქ გალკაიოს მახლობლად განხორციელდა. ავიადარტყმები ტერორისტული დაჯგუფების იმ წევრების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც აშშ-ის მიერ გაწვრთნილ „დანაბის“ დანაყოფზე მიიტანეს შეტევა.
ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბი“, რომელიც „ალ ქაიდასთან“ კავშირში იმყოფება სომალის მთავრობის დამხობას და ქვეყანაში ისლამური შარიათის მკაცრ წესებზე დაფუძნებული მმართველობის დამყარებას ცდილობს.
მედიის ცნობით, დაჯგუფება ხშირად ახორციელებს თავდასხმებს სომალისა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, მათი მიზანია სამხედრო ბაზები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები და სასტუმოები.