Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ევროპარლამენტარები “ოცნებას”გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

122

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გააუქმონ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

“ქართული ოცნების მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა საკუთარი მიზნები და შესაბამისად ლიმიტს მიაღწია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა გატარდეს და არა ეპიზოდურად.

ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი იმ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზეა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამავე დროს მივესალმებით იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და აგრძელებენ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გაგრძელებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც თბილისი პრაიდის გაუქმება გამოიწვია, მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს სიტყვითაც და საქმითაც”, – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის “კეთილ ნებასა” და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუხატავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი