მოქალაქეები ხელოვნების მუზეუმის დასაცავად აქციას მართავენ

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელოვნების მუზეუმის დასაცავად შეიკრიბნენ. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ისტორიული შენობის დაცვას მოითხოვენ.
“პარადოქსულ მდგომარეობაში ვიმყოფებით იმიტომ, რომ ვართ სახელმწიფოს მხარეს მაგრამ ვეწინააღმდეგებით ხელისუფლებას. სახელმწიფოს მხარეს ვართ, რადგან მიგვაჩნია რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავარი აქტორი უნდა იყოს სახელმწიფო, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება რაღაცნაირად გვცდის, გავატარებთ თუ არა კონკრეტულ თემებს, მაგალითად მუზეუმის შენობის დანგრევასთან დაკავშირებით, ანჩისხატის ხატის გადაცემასთან დაკავშირებით”, – ამბობს ცირა ელისაშვილი.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმი ძველი და ისტორიული შენობაა, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა, თუმცა, სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია.
მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ იწყებს ექსპონატების ევაკუაციას. ექსპერტები კი აქტივისტები მოითხოვენ, რომ ეს ისტორიული შენობა გადარჩეს.
3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.
ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩის ხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩისხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.