მკაცრი რეგულაციის მიუხედავად, თელავში კონცერტი გაიმართება

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, თელავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში 300 კაციანი კონცერტი იგეგმება.
რადიო ჰერეთის ინფორმაცით, ნებართვა ვიცე- პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასცა.
კონცერტი, კორონა ვირუსით გარდაცვლილი, ცნობილი ქართველი მომღერლის, თემურ წიკლაურის ხსოვნას ეძღვნება.
ინფორმაცია, ხალხმრავალი ღონისძიების შესახებ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სპეციალისტმა გამოაქვეყნა, რომელიც კულტურულ ღონისძიებებს კურირებს.
” სამწუხაროდ, რეგულაციების გამო, მხოლოდ 300 ადამიანი დაესწრება ამ საღამოს და აქედან გარკვეული რაოდენობა ჩამოსული სტუმარი იქნება, რის გამოც ბოდიშს ვუხდით დასწრების მსურველებს”- წერს სოციალურ ქსელში სპეციალისტი.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ღონისძიების ორგანიზატორი, კულტურისა და სპორტის სამინისტროა და კონცერტი რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა გულიაშვილის განმარტებით, დარბაზის ფართობი, რეგულაციების დაცვის საშუალებას იძლევა.
“ჩვენი დარბაზი 700 ადგილიანია. სამასი კაცი იქნება ერთმანეთთან საგრძნობლად დაშორებული, ყველას ექნება პირბადე და ჩატარდება თერმოსკრინინგი. ჩვენი დაცვის თანამშრომლები გააკონტროლებენ, რომ რეგულაცია ყველამ დაიცვას. როგორც ვიცი, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება, არავის გამოუცხადებია”- განაცხადა გულიაშვილმა.
დაგეგმილ ღონისძიებაზე, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მხოლოდ ის განმარტეს, რომ კონცერტს, მინისტრი წულუკიანი არ დაესწრება.