თელავში ტანსაცმლის ბაზრობამ დროებით მუშაობა შეაჩერა

თელავში ტანსაცმლის ბაზრობამ დროებით მუშაობა შეაჩერა. მიზეზი, კორონა ვირუსის ჯგუფური შემთხვევა გახდა. კოვიდ-19, გეგმიური ტესტირების შედეგად, სამ მოვაჭრეს დაუდასტურდა.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, ამ წუთებში, ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები, ბაზრობაზე, შესაბამისი ზომების მიღების საკითხს განიხილავენ.
” ერთი საათიც არ არის, რაც შემთხვევები, გეგმიური ტესტირებით გამოვლინდა. საჭიროა, კონტაქტების დადგენა, აუცილებელია დეზინფექციის ჩატარება და ზომების მიღება, რომ გავრცელება არ მოხდეს. ბაზრობის მფლობელს, ყველა რეკომენდაციას მივცემთ და ვაჭრობა ჩვეულებრივად გაგრძელდება”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.
დღეს, კახეთში კორონა ვირუსის 272 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ყველაზე მეტი, 73 შემთხვევა გურჯაანშია გამოვლენილი.
სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში სულ 32426 ინფიცირებულია გამოვლენილი, აქედან 254 პაციენტი გარდაიცვალა.