მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ოპოზიციური პარტიები ზეწოლაზე ჩივიან

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თელავში არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ და ” ქართულ ოცნებას” საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

პარტია ” საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატი, გიგა ორკოდაშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსი აქვს მობილიზებული.

“წინასაარჩევნო გარემო არის არათანაბარი, რასაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ და ვაკვირდებით. ხელისუფლება იყენებს ყველა ტიპის ბერკეტს. პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. მობილიზებულია ადმინისტრაციული რესურსი. ზეწოლა ხორციელდება ყველა საჯარო მოხელეზე, ვინც ბიუჯეტიდან ფინანსდება. მმართველ პარტიას ათვისებული აქვს თითქმის ყველა სარეკლამო ადგილი”- აცხადებს ორკოდაშვილი.

წინასაარჩევნოდ არათანაბარ გარემოზე საუბრობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველიც.

” გარემო თანაბარი როგორ იქნება, როცა საარჩევნო კომისიებში, მაჟორიტარი კანდიდატების ოჯახის წევრები ჰყავთ დანიშნული. საოლქო საარჩევნო კომისია გვარწმუნებს, რომ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ადამიანს ცდუნება ხომ უჩნდება მაქინაციებში მიიღოს მონაწილეობა? ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და მზად ვართ იმისთვის, რომ ქართული ოცნება მიიღებს იმ მხარდაჭერას, რასაც იმსახურებს ხალხისგან”- განაცხადა ბოტკოველმა.

კონკურენტებს პარტია ” ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა ვრცელი კომენტარით უპასუხა. მან ოპონენტებს მოუწოდა, ზეწოლის კონკრეტული მაგალითები დაასახელონ.

” ერთი ადამიანი მაინც დაასახელონ, ვინც დაიბარეს, დაემუქრნენ, ან სამსახურიდან დაითხოვეს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არცერთ საჯარო მოხელესთან შეხვედრა არ ყოფილა. რასაც კანონი კრძალავს, უნდა მივეჩვიოთ, რომ არ შეიძლება. პირადად, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინმეს დათხოვნის, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მუშაობენ პროფესიონალები, მათ უკან დგას ოჯახები და ისინი ჩვენი დასაყრდენი უნდა იყოს, მომავალ საქმიანობაში.

თელავი პატარა ქალაქია, მოსახლეობაში ეს დაიმალებოდა? რაც შეეხება ბანერებს, მისი დაქირავება ყველას შეუძლია და ალბათ უნდა ეზრუნათ ამაზე. არც ის არის სიმართლე, რომ ვინმეს ახლობლები ჰყავს კომისიებში. ასე ყველა ერთმანეთს იცნობს. თვითონ არ ჰყავთ კომისიებში ადამიანები, ვისთვისაც გამარჯობა მაინც არ უთქვამთ?. მე ვთხოვ ყველას, არაფრისგან ტყუილებს ნუ ვქმნით და ქალაქისათვის სასიკეთო საქმეებზე ვისაუბროთ”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობისათვის, სულ სამი კანდიდატი იბრძვის, რომელიც ქალაქ თელავისა და მუნიციპალიტეტის 27 სოფლის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button