ჰერეთი სააკაშვილს ციხეში რადიომიმღებს გაუგზავნის
მედია ჰოლდინგი ჰერეთი და მისი რადიოსადგურები: ჰერეთი, ციტრუსი და რადიო თბილისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რადიომიმღებს გაუგზავნის, რადგან მუდმივად მოუსმინოს რადიო თბილისს FM93.5 და მიუკერძოებლად შეიტყოს ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ.
მედიაჰოლდინგ ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ ამით როგორც მაუწყებელი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, მათ შორის პატიმარ სააკაშვილსაც.
ჰერეთი ამავდოულად მიხეილ სააკაშვილს შეახსენებს, რომ ეს სწორედ ის ჰერეთია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მუდმივად განიცდიდა ზეწოლასა და ხელოვნურად სამაუწყებლო ლიცენზიების ჩაკეტვას.
“სამწუხაროდ, საკაშვილის ხელისუფლების წევრები, არაერთხელ ცდილობდნენ დაეხურათ ჩვენი მაუწყებლობა. ამაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაიწერა, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. მისი მმართველობის პერიოდში, სამთავრობო კლანებთან დაახლოებული მედიაჯგუფებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიების მინიჭება, მარტივად იყო შესაძლებელი. მაგალიდათ, “მედია ჰაუს დეკომისთვის”, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი ახლა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ხელმძღვანელია.
ჩვენ, 8 წლის განმავლობაში ვითხოვდით, რომ მოხსნილიყო ჰერეთისთვის ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, ამის მერე 3 ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ და ლიცენზია მოგვანიჭეს. ამ წლების განმავლობაში დავხარჯეთ უამრავი ადამიანური რესურსი, დავკარგეთ რადიობაზარზე უამრავი შემოსავალი.
ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რასაც სიამოვნებით გავაკეთებთ, ჩვენ მას რადიო მიმღებს გავუგზავნით რადგან გვისმინოს. ვუსურვებთ მას წარმატებას და ვურჩევთ, უსმინოს ყველა კვლევებით, ჰერეთის ერთ-ერთ ლიდერ რადიომაუწყებელ რადიო თბილისს FM93.5-ს” – აცხადებს რამაზ სამხარაძე, მედიაჰოლდინგ ჰერეთის დამფუძნებელი და დირექტორი.