Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა

24

საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი დაკარგა. მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა

„დაინგრა “ნაციონალური მოძრაობის” ნაადრევი სიხარული უმრავლესობის მოპოვების. “ოცნება” იწყებს მობილიზებას თავისი ამომრჩევლის და ვნახავთ, რომ იმ მოძალადე ხელისუფლების თანაზიარი არ იქნებიან ზუგდიდელები, – განუცხადა ჟურნალისტებს წუხელ საოლქო კომისიასთან მისულმა “ოცნების” მერობის კანდიდატმა.

მამუკა წოწერიას თქმით, ხმების გადათვლის პროცესი ყველა პროცედურული ნორმის დაცვით წარიმართა, გადათვლამდე არ გახსნილა დალუქული კონვერტები და ეს ინფორმაცია არის სიცრუე. მისი განმარტებით, კომისიამ კენჭი უყარა და უმრავლესობამ მე-11 უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის  გადაწყვეტილება მიიღო,.

“მტკიცებულებები იყო უბანში, ხმებში. პირველი დღიდანვე, არჩევნების დასრულებამდე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო გოგოხია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა უპირატესობა კონკურენტთან შედარებით. დადასტურდა ის რეალობა, რაც იყო ამომრჩევლის ხმა. არანაირად არ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” საჩივრის შეტანის, განხილვის საკითხის ექსკლუზივი და დისკრეცია. ეს არის ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი შესაძლებლობა”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ. მისი თქმით, ყველა დაინახავს, რომ 30 ოქტომბერს ზუგდიდელები მერად სწორედ “ქართული ოცნების” კანდიდატს აირჩევენ, დღეიდან კი ნახავენ იმ მუხტს, რომელიც მოსახლეობისგან მოდი.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის საჩივარი, მე-11 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე.

შედეგად, “ქართულ ოცნებას” 12 ხმა დაემატა, გახარიას პარტიას 2, ერთი კი ენმ-ს. ეს ის ოლქია, სადაც ხმების გადათვლამდე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ორი ხმით იგებდა. სხდომაზე ამ გადაწყვეტილებამ ხმაური გამოიწვია.

ოლქის თავმჯდომარეს ენმ-ის წარმომადგენელი ანა წითლიძე დაუპირისპირდა. მან მირანდა მესხს ხმების ქურდი უწოდა და დალუქული კონვერტის გახსნაში დაადანაშაულა. ის აპირებს მიმართოს პროკურატურას მომხდარის გამოძიების მიზნით. მირანდა მესხი კი ამბობს, რომ მუქარების არ ეშინია, რადგან კანონი არ დაურღვევია.

ანა წითლიძის თქმით, თუ “ოცნების” საჩივრის საფუძველზე გადაითვალეს კონკრეტული უბანი, მაშინ მათი მოთხოვნაც უნდა დაკმაყოფილებულიყო ყველა უბნის გადათვლაზე.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი