“ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/10/misha-tsikhe-1.jpg)
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს. პარტია სააკაშვილის საქმეზე დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და სთხოვს, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
“უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი შიმშილობს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთში შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა.
2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, კომისიამ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმების შემადგენლობით დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალი კლასის კლინიკაში, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე, უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას.
იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო.
საქართველოს ხელისუფლების სახელით დღეს გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა სამთავრობო ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოთავსება მისი მკვლელობის ტოლფასია, რასაც “უმძიმესი შედეგები მოჰყვება”.”
პარტია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ, სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში, გლდანის საპატიმრო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.