რა ეკონომიკურ რისკს უქმნის მაღალი შიდა ვალი ქვეყანას

ფინანსისტებისა და ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ შიდა ვალის აღებით ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება და ფინანსური სექტორის მდგრდობას საფრთხეს უქმნის. “ბიზნესრევიუსთან” საუბარში ექსპერტები პირველი რისკის საფრთხედ შიდა ვალის მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ. მათი განმარტებით, თუკი საგარეო ვალის ფასი 1.48-2%-ის ფარგლებშია, შიდა ვალის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9%-ს უტოლდება.
ფინანსისტები იმასაც ამბობენ, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ აქვს, არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ ეს რესურსი არაეფექტურად გაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და უფასურდება ლარიც. მათი რეკომენდაციით, შიდა ვალს მთავრობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა მიმართავდეს, ისიც მაშინ, როცა საქმე ეხება ინფრასტრუქტურულ, ან ამგვარი მასშტაბის პროექტებს.
სპეციალისტების მიერ შიდა ვალის აღება პრობლემადაა მიჩნეული იმ მხრივაც, რომ მთავრობა არებული სესხის უკუგებას ვერ ახერხებს, რაც ისევ ეკონომიკას ურტყამს, რადგან ეს რესურსი ქვეყნის კეთილდღეობას ვერ ხმარდება. მათივე განმარტებით, არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად დიდი ვალი აქვთ, მაგრამ იქ ეს ეკონომიკურ პრობლემებს არ ქმნის, რადგან ამ ფულს მათთვის სარგებელი მოაქვს.
ფინანსისტები “ბიზნესრევიუს” უხსნიან, რომ ვალის ზღვარი, როგორც წესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიდიდისაა ეკონომიკა. მაგალითისთვის, იაპონიას მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თ) მიმართებაში 2-ჯერ დიდი ვალი აქვს, მაგრამ, საქართველოსგან განსხვავებით, იქ ვალი მთლიანად ტექნოლოგიებსა და ეკონომიკურ დარგებში მიდის, შესაბამისად, ამ ვალს ახასიათებს უკუგება, საქართველოსგან განსხვავებით.
ცნობისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთავრობა 4.4 მილიარდი ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.2 მილიარდი ლარის ადრე აღებულ ვალს გადაფარავს. შედეგად, გაისად მთავრობის ვალი 3.2 მილიარდი ლარით გაიზრდება.
ახალი 4.4 მილიარდი ლარის ვალიდან 1.3 მილიარდი საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 3.1 მილიარდი საგარეო ვალია.
რაც შეეხება საგარეო ვალის განაწილებას, საგარეო ვალიდან 1.2 მილიარდი ლარი ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსია, ხოლო 1.9 მილიარდი ლარი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტებია.