მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ არბოშიკში მცხოვრებ სპორტსმენს, სამუდამო პატიმრობა ემუქრება

ტრანსგენდერი ტაილანდელი მასაჟისტის მკვლელობაში ბრალდებულ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ სპორტსმენს, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

23 წლის კალათბურთელს, ვაჩე ცაკაშვილს, გამოძიება, ტაილანდელი მასაჟისტის მკვლელობასა და კიდევ ერთი პირის დაჭრას ედავება.
ახალგაზრდა დედოფლისწყაროს საკალათბურთო გუნდის წევრი იყო, ბოლო პერიოდში კი, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა.

სპორტსმენი თბილისში სასწავლებლად იმყოფებოდა და ნაქირავებ ბინაში, დედასთან ერთად ცხოვრობდა.
ბრალდებულის ოჯახის წევრები, მომხდარის მიზეზებზე საუბარსა და მედიასთან კონტაქტს დღემდე თავს არიდებენ.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცაკაშვილს 16- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის ღამეს ცაკაშვილი თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ტაილანდური მასაჟის სარელაქსაციო ცენტრში შევიდა და კარის გახსნისთანავე, ორი ადამიანი დაჭრა.
38 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეორეს კი ღრმა ჭრილობები, სახისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ცენტრის მასაჟისტები არა ქალები, არამედ ტრანსგენდერები იყვნენ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, სპორტსმენი ტაილანდურ ცენტრში რამდენიმე კვირით ადრე იმყოფებოდა, სადაც მან ამ ფაქტის შესახებ შეიტყო და შურისძიება გადაწყვიტა.
მომხდარის შედეგად გარდაცვლილიცა და დაჭრილიც, უცხოეთის მოქალაქეები არიან, თავად ცაკაშვილი,.რომელიც სამართალდამცავებმა 1 ნოემბერს დააკავეს, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მომდევნო სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს არის ჩანიშნული.

მსგავსი პოსტები

Back to top button