პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. კომიტეტმა წარდგენილ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კენჭისყრამდე განაცხადა, პროცესი კომიტეტში მაქსიმალურად ღიად და ინკლუზიურად წარიმართა და განხილვაში ჩართვის საშუალება ჰქონდათ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.
მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირებულია, თუმცა, ამის ვალდებულება არ ჰქონიათ.
„ჩვენ ეს იმისთვის დავაინიცირეთ, რომ პოზიტიური ნაბიჯი გადაგვედგა დეპოლარიზაციისკენ, ამის საპირისპიროდ რადიკალიზაცია მივიღეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. მოცემულობაა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, შემხვედრი პასუხი არის არა ადეკვატური, არამედ კონტპროდუქტიული. მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმესა და შინაარსზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის. შეთანხმებული ვიყავით, რომ საკითხები შინაარსობრივად განგვეხილა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს, მის წინააღმდეგ ლევან იოსელიანი წავიდა.
კომიტეტის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს თამარ ოქროპირიძეს, წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი. კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ნინო სანოძესაც, თუმცა ლევან იოსელიანი და ფრიდონ ინჯია მის წინააღმდეგ წავიდნენ.
ასევე კომიტეტმა მხარი დაუჭირა კიდევ ერთ კანდიდატს თეა ძიმისტარაშვილს, მის წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი. კომიტეტი მხარდაჭერილ კანდიდატებს რეკომენდაციას გაუწევს და მათ პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი – ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე წარუდგინა. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირას მოუსმინა.