მნიშვნელოვანისიახლეები

ისტორიული სასამართლო პროცესი დაიწყო

ისტორიული სასამართლო პროცესი დაიწყო – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ავტომობილები სპეცრაზმის თანხლებით სასამართლოს ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.

ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტომობილიზებაა – გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.
დღეს მიხეილ სააკაშვილს, 6 პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს საქმეზე გაასაამართლებენ. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილია პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ პროცესი პოლიტიკურია და სხდომას პრეზიდენტი იმისთვის ესწრება, რომ საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაცია შეძლოს.

“კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს სასამართლო პროცესი არის ფარსი, მართლმსაჯულება არის მითვისებული საქართველოში ხელისუფლების მიერ. ჩვენ ამას ვხედავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე,მაგრამ განსაკუთრებით მის პროცესებზე. ეს პროცესი იქნება გამოყენებული, როგორც უშუალო კომუნიკაციის არხი ქართველ ხალხთან და სარკე, რომელშიც ქართული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები დაინახავენ, თუ როგორი პოლიტიკური რეჟიმი გვაქვს საქართველოში”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზებასა და შენობაში სპეციალური ზომების მიღებაზე ისაუბრა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მან თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ეშინია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლების.

“იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება არის პანიკურ შიშში, არის ასეულობით მობილიზებული სპეცრაზმელი სასამართლოს მიმდებარედ და სასამართლოს შიგნით. ყველა სხვა სხდომა გადადებულია, სასამართლო პრაქტიკულად დაცარიელებულია და ეს ნიშნავს ერთადერთს, ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლების მიმართ”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

სასამართლოს ტერიტორიაზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და პროცესის დასრულებამდე ადგილზე დარჩებიან. ამასთან, ენმ სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლითაც აქციის მონაწილეები პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს.

შეგახსენებთ რომ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას პირველად 29 ნოემბერს დაესწრო. ამ დღეს სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია, რომელიც რამდენჯერმე გადაიზარდა აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების დაპირისპირებაში. სამართალდამცავებმა სპეცსაშუალებები, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს და 15 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. კიდევ 4 დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – პოლიციელების მიმართ ფიზიკური წინააღმდეგობა და ძალადობა. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია დღესაც გაიმართება.

ექსპრეზიდენტის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე სამჯერ გაიმართა სხდომები 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

სააკაშვილს საქართველოს სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილი აქვს ორი გამამტყუნებელი განაჩენი. ყოფილი პრეზიდენტი 2018 წელს, დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს და შეთითხნილს უწოდებს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button