თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორი ფრაქციის თავმჯდომარეს, 11 მოადგილე ეყოლება.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ღაღანიძისათვის ექვსი, ხოლო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძულიაშვილისათვის, ხუთი მოადგილე შეირჩა.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, ხელფასიანია და საკრებულოს თერთმეტივე წევრი, უკვე მომატებულ ხელფასს, იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში აიღებს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ტარიელ გალახვარიძემ, რადიო ჰერეთთან განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფრაქციის ყოველ სამ წევრზე, ერთი მოადგილე, დასაშვებია.
” 19 ნოემბერს შევიდა ცვლილება, თვითმმართველობის კოდექსში, რომლის თანახმადაც, ფრაქციის ყოველ სამ წევრზე, ერთი მოადგილის დანიშვნაა შესაძლებელი. შეტანილია ცვლილებაც, რომ ფრაქციის შექმნა, მხოლოდ ერთი პარტიის წევრებს შეუძლიათ”– განმარტა გალახვარიძემ.
” ეს არის, თანამდებობების, ხელფასებისა და პრივილეგიების მონობა“- ასე შეაფასა ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკრებულოში მრავალრიცხოვანი მოადგილეების დანიშვნის ფაქტი.
” გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვა, ამომრჩეველმა რაც შეუკვეთა, ის ჩამოუვიდა. პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას.ნაწილი პარლამენტში შევარდა, ნაწილი საკრებულოში, რომ იტყვიან, დაითრიეს მაღალანაზღაურებადი თანამდებობები, იქ ათის ათას ლარიანი ხელფასები აქვთ და არავის აინტერესებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. ამდენი მოადგილიდან, ვინ რა სფეროს ხელმძღვანელობს, მითხრან. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაინაწილეს თანამდებობები, გარიგდნენ და ამათი უპასუხისმგებლო საქციელით, ბიძინა ივანიშვილი 2030 წლამდე გვეყოლება. ან რა შერიგებას ეხვეწებიან, ვის ხარჯზე პატიობენ საყდრისს, მაჩალიკაშვილის მკვლელობას და სხვა უმსგავსობებს? ცალი ფეხით რომ პარლამენტში აქვს და თან ბარიკადებზე ეძახის ხალხს ნაციონალური მოძრაობა, სწორია? ამათ დაძახილზე არსად წავალ. ეს არის, თანამდებობების, ხელფასებისა და პრივილეგიების მონობა”– განაცხადა ვარდოშვილმა.
თელავის მუნიპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩატარდა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. შემდეგ საკრებულოში შეირჩა, კომისიის თავმჯდომარეები და ფრაქციების ხელმძღვანელები.
საკრებულოს შემდგომ სხდომაზე, წარმომადგენლობითმა ორგანომ ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაზე იმსჯელოს.