სიახლეები

“ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა”- წულუკიანი სააკაშვილის შეწყალებაზე

“არ ველოდები და არც განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა”- ასე უპასუხა თეა წულუკიანმა, ვიცე-პრემიერმა და საქართველოს კულტურის მინისტრმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ “შერიგების” ინიციატივა კეთილშობილურია, თუმცა ამ ეტაპისთვის ურჩევნია, რომ პროცესს დააკვირდეს. ამის შესახებ მან პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი, რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი და იმის მიხედვით შემდეგ შევძლებთ უკვე საფუძვლიანი კომენტარების გაკეთებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა “თავის ხალხს და ქვეყანას უთხრა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ქართული ოცნების ხელისუფლება თავს არავის დაუხრის”.

პრემიერმინისტრმა თავის ხალხს და ქვეყანას უთხრა ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. 

ამაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ, მადლიერნი ვართ რა ჩვენი ამომრჩევლის, ვინც მორიგჯერ გამოგვიცხადა ნდობა, ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის, იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, მრავლად აწუხებს, დაწყებული ოკუპაციიდან, დასრულებული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროებებიდან”. – თქვა თეა წულუკიანმა.

ანგარიშის წარდგენის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი “არავის დაუხრის თავს და არც არავის უყურებს ზემოდან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა”.

პრემიერმინისტრის თქმით, კანონის უზენაესობა უპირველესია, თუმცა, “ქვეყნის შიგნით და გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას არ აღიარებს”

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს “ეროვნული თანხმობის” მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული სიტუაციის დახასიათებისას თქვა, რომ საზოგადოება “გადაღლილია”, “ძალიან მძიმე მდგომარეობა” კი “გაუსაძლისია” ყველასთვის. მანვე დაამატა, რომ ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები. მისი შეფასებით, ყველაფერი დაყოფილია, მათ შორის, ეკლესიაც.

თავის სიტყვაში მან განაცხადა, რომ შერიგების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, წინაპირობების გარეშე და “ქართული”. პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებს “პროცესის შიგნიდან გაგება არ აქვთ”.

შეხვედრას ქართული ოცნებიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა, რომ ბევრი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა “სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება”. სააკაშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, მიესალმება დიალოგის შეთავაზებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button