რეგიონი

კახეთში გაზგასამართ სადგურებზე გაზი 15 თეთრით გაძვირდა

უკვე რამდენიმე დღეა, თელავსა და გურჯაანში, 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში მომხმარებელი 1. 60 ლარს იხდის.
გაზის გაძვირებამ ავტომობილის მძღოლების, განსაკუთრებით, კი იმ ტაქსის მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც მანქანებს ბუნებრივ აირზე ამუშავებენ.
რადიო ჰერეთთან საუბარში ისინი განმარტავენ, რომ მომსახურების გაძვირება ან ტაქსით მოძრაობაზე უარის თქმა მოუწევთ.
” სამ- ოთხ ლარად დავდივართ ქალაქში. აქაც კონკურენციას მუნიციპალური ტრანსპორტი გვიწევს. სოფლების მიმართულებით კი სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ და მოსახლეობა უფრო მეტად იმას ირჩევს. ახლა გაძვირებული საწვავის ჩასხმა რომ მომიწევს და კლიენტს საფასური გავუძვირო, ვინ ჩაჯდება? იმ ორ კაპიკსაც ვკარგავთ, რასაც ახლა ვშოულობთ. იძულებულები ვართ, სხვა სამუშაო ვეძებოთ, მაგრამ სად უნდა ვეძებოთ, ეგ ცალკე პრობლემაა”- განაცხადა ტაქსის მძღოლმა ზაურ მირიანაშვილმა.
ბუნებრივი აირის გაძვირებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობასაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სიძვირის გამო, შესაძლოა ფეხით გადაადგილება მოუწიოთ.

უმძიმესი ვითარებაა. ახლა ვდგავარ, ავტობუსს ველოდები, მაგრამ შეიძლება ისე შეივსოს, ვერც ავიდე, პანდემიის პირობებში ხალხმრავლობის ისედაც გვეშინია. იძულებული ვხდები, ტაქსი გამოვიყენო. რა სახსრებით უნდა მოვახერხოთ ეს, ვინმეს აინტერესებს? დავადგები და რამდენიმე კილომეტრზე ფეხით წავალ– თქვა თელავში მცხოვრებმა, ჯულიეტა გაგნიძემ.

შპს ” ბუნებრივი აირის” წარმოამდგენლები და მფლობელი, გაზის გაძვირების მიზეზებზე, კომენტარს არ აკეთებენ.
კომპანიის მესაკუთრე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, შოთა დემინაშვილია და ის, თელავსა და გურჯაანში, გაზგასამართი სადგურების ქსელის ერთადერთი მფლობელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button