სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები- გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ დაკავებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.
მოსამართლის კითხვაზე – აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს, თითოეულმა მათგანმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალს აღიარებს.
სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა.
პროკურორის თქმითვე, სწორედ აღნიშნული ჩვენება იყო ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა.
“ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სხვა პირები უკრაინაში არ იყვნენ, ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის ქმედებები თუ რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთისას”,- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.