უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს გავა
უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს გავა.
დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით წარედგინება. მას მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.
კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.
რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“. მისი შინაარსი კი ასეთია:
“საქართველოს პარლამენტი – ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი.
როგორც მან განაცხადა, რეზოლუციის მიზანი უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის გამოხატვაა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერი ისე წერია, როგორც ეს მოცემულ სიტუაციაშია საჭირო.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემით სიტუაციის ესკალაცია უნდა.
ნიკა ობოლაძის ხათუნა სამნიძის და თეონა აქუბარდიას ხმა
უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის 31 იანვრის ბიუროს სხდომაზე გავა. დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით წარედგინება. მას მმართველი გუნდის გარდა, არცერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.
………….