რეგიონი

ჰესების მშენებლობას შესაძლოა ხელახალი პროტესტი მოჰყვეს

“იგივეს ვფიქრობთ, რასაც ორი წლის წინ”- კახეთში ჰესების მშენებლობაზე პოზიციას არ ცვლიან.
პანკისის ხეობასა და მდინარე ლოპოტაზე ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან.

მოქალაქეები, რომლებიც წლებია, ჰესების მშენებლობას არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე, შესაძლოა ხელახალი პროტესტი მოჰყვეს.

“ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს, რაც ორი წლის წინ და აზრი არ შეგვიცვლია. თუ კიდევ იქნება მცდელობა, შესაძლებელია ხელახალი პროტესტი გამოიწვიოს. ამ ხნის განმავლობაში არავის უცდია ჩვენი დარწმუნება, რომ ჰესი ხეობისთვის რამე სარგებლის მომტანია და აქ ეკოლოგიური და სტიქიური კატასტროფა არ მოხდება”- აცხადებენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები.
პანკისელების პოზიციას იზიარებენ ლოპოტას ხეობის მცველებიც, რომლებიც მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას, ასევე რამდენიმე წელია, საპროტესტო გამოვლებით ეწინააღმდეგებიან.

” ჩვენ აქ დღეს და ღამეს ვასწორებთ, რომ ხეობაში არ შემოგვეპარნენ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, მითუმეტეს, ამ ვითარებაში. ჰესი ააშენონ იქ, სადაც ამისი აუცილებლობაა, სადაც გარემო არ დაინგრევა და ადამიანებს საფრთხე არ დაემუქრება”- აცხადებენ ლოპოტას ხეობის მცველები.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მცირე ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტა 1“-ის

მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო.
პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატი უნდა ყოფილიყო.
ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის გამო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. .

2019 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო ” ხადორი-3″- ის მშენებლობა პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზეც. ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი” აეშენებდა.
დაწყებული სამუშაოები კომპანიამ რამდენჯერმე შეწყვიტა.

2020 წლის 21 აპრილს, ჰესის მშენებლობის განახლების მიზნით, პანკისის ხეობაში კომპანიის მანქანის გამოჩენას, ადგილზე მოსახლეობა პროტესტით შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში დიდი მასშტაბის საპოლიციო ძალა, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანა.

სპეცრაზმელებმა პროტესტის მიზნით შეკრებილი მოსახლეობის მიმართ, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენეს.

მოსახლეობა საპოლიციო ძალების წინააღმდეგ, ქვებითა და ჯოხებით გამოვიდა. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა ათობით ადგილობრივი მცხოვრები და პოლიციელი.

ჰესის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განცხადება საქართველოში უფრო მეტის ჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე, მთავრობის სხდომაზე, 4 აპრილს გააკეთა.

„უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის,.
საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება მოხმარება, მიწოდება კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას, რაც დიდი რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას”– განაცხადა პრემიერმა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button