ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის შვილებმა მამის წინააღმდეგ ჩვენება აღარ მისცეს
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის შვილებმა მამის წინააღმდეგ ჩვენება აღარ მისცეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, მიხეილ გრემელაშვილის შვილებმა, სასამართლოს მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადეს.
სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის პროცესზე, მათ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება აღარ დაადასტურეს.
მანამდე, სასამართლოს ჩვენება აღარ მისცა ბრალდებულის მეუღლემაც, რომელმაც მიზეზების განმარტება არ ისურვა და თქვა, რომ ეს მისი ოჯახური საქმეა.
ბრალდებულის ადვოკატი, ქეთევან ზაქარიაშვილი ამბობს, რომ საქმე ცოტა ხნის წინ გადაიბარა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
” საქმე ახლახანს გადავიბარე და ჯერ დეტალებს არ ვიცნობ. გარდა ამისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების გარეშე, ვერაფერს გეტყვით”- განაცხადა ზაქარიაშვილმა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გრემელაშვილი, პატიმრობიდან გირაოთი განთავისუფლების შემდეგ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობაში ნათესავმა ამხილა.
8 ივლისს, სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ბიძაშვილმა შვილებს წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო, სასტიკად სცემა. კუკუნაშვილი ამტკიცებდა, რომ საკრებულოს დეპუტატი, ცოლ-შვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა და იარაღითაც ემუქრებოდა.
სამართალდამცავებმა გრემელაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მისი კუთვნილი “ტე-ტე”- ს სისტემის პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.
პისტოლეტი დეპუტატს რეგისტრირებული ჰქონდა, ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, გამოძიებისათვის ამ დრომდე უცნობი ქალის დნმ აღმოჩნდა.
გრემელაშვილის ბრალად ედება დანაშაულების ჩადენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარას, ოჯახში ძალადობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, თუმცა, საკრებულოში
ყოფნის პერიოდში მან პარტია დატოვა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა.
საკრებულოში დეპუტატი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სასამართლო პროცესი, სადაც საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება, 18 აპრილს არის ჩანიშნული.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: