მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაყვანის საკითხს მმართველ გუნდში აფასებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“.

საავადმყოფოს ტერიტორიაზე პოლიციისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მანქანებია მობილიზებული. ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

კლინიკაში სპეციალური ზომები უკვე მიიღეს და საავადმყოფოს მე-5 სართულზე მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პალატაც მოამზადეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა, აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს აქციები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის მოთხოვნით.

10 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა. იმავე დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, თუმცა, იმ პირობებით, რომ მასთან მუდმივად უშვებდნენ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიულ ექსპერტებს ცენტრ “ემპათიიდან”; ასევე სამუშაო საათებში მასთან შესვლის უფლება ჰქონდეთ ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს. პირობებს შორისაა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებულ ყველა გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და მკურნალობის შემდეგი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების განსაზღვრაში მონაწილეობა პარიტეტული შემადგენლობით ხდებოდეს, “ემპათიის” ჩართულობით და თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

11 მაისს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დათქმების გარეშე ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით. იმავე დღეს, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მედიას უთხრა, რომ ასეთ დროს არავითარ ვაჭრობას თუ წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და მთავარია, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დროულად გადაიყვანონ, რაზეც მან ციხის ადმინისტრაციას თანხმობა განუცხადა.

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე​ მრავალპროფილური​ კლინიკა „ვივამედი“ ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.

ჩავთვალოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში” გადაყვანა არის პირველი ნაბიჯი მისი საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და ახლა დაველოდოთ, „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს მათი დაშლის შესახებ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ კლინიკის დასკვნა ვერ გადაიყვანს, ამისთვის საჭიროა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება და ეს ნება რომ დადგეს, ამისთვის ყველაზე მოკლე გზა „ნაცმოძრაობის“ დაშლაა.

„ჩემი აზრით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში“ გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს ვნახოთ, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები”, – განაცხადა ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანის საკითხს მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტი ყველა აუცილებელი ღონისძიებით უზრუნველყო.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს ყველა საჭირო სახის მკურნალობა უტარდება.

“მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყველა მსჯავრდადებულს თუ ბრალდებულს, იუსტიციის სამინისტროს მიერ უტარდებოდა და უტარდება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც საჭირო არის მისი, როგორც პაციენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. მისი ოჯახი, მისი თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ წარმოადგინონ თითქოს საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის უფლება იყო სათანადოდ დაცული,” – აცხადებს გივი მიქანაძე.

ექსპრეზიდენტს რომ ყველა საჭირო სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია, ამაზე საუბრობენ სხვა პოლიტიკოსებიც. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიზანმიმართული სპეკულაციებისთვის იყენებს.

“პატიმარი სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მისაწვდომლობა რომ არის უზრუნველყოფილი, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს არც ჩვენი საზოგადოებისთვის, არც სტრასბურგის სასამართლოსთვის და არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ხელოვნურად ამით მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” სპეკულირებს. ჩვენი თანმიმდევრული გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ პატიმარ სააკაშვილს ამ მხრივ ცხადია პრობლემები არ შეექმნება,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button