“შინ ევროპისკენ”-რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია “შინ ევროპისკენ” უნდა გაიმართოს, მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე არიან აქციის ორგანიზატორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები. დასრულებულია სცენის მონტაჟი.
აქცია „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება.
მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების არ სჯერათ და აპირებენ “დეოლიგარქიზაციის” მიზნით სამოქმედო გეგმა გამოაცხადონ.
“უნდა შევხვდეთ ძალიან ბევრნი და უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გვინდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ვაპირებთ თუ არა ამ 6 თვეში ყველა იმ კრიტერიუმის შესრულებას, რის გამოც ვერ მოვხვდით მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ევროპასთან დაახლოებისკენ, პირიქით, დაგვაშორა და შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ 6 თვეში რამე ნაბიჯი გადადგას და დაეხმაროს ქვეყანას ევროპული გზის გავლაში. ამიტომ, პასუხისმგებლობა თუ ვინმემ უნდა აიღოს, ეს არის ქართველი ხალხი,”-აცხადებს მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 24 ივნისს საზოგადოება გაიცნობს ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც „საქართველოს შინ, ევროპისკენ გაუძღვება“.
„ქართული ოცნება“ პირობების შესრულებას არ აპირებს – თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, აქციაზე უნდა მოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ” გაიმართება.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების” წევრები არიან.
ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უკვე შეჩერებულია.