ცესკოს თავმჯდომარეობის ვაკანტური თანამდებობაზე განაცხადი 5-მა კანდიდატმა შემოიტანა

2022 წლის 30 ივლისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები.
ვისზე შეაჩერებს არჩევანს საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატურებს შორის, ერთ კვირაში გაირკვევა. შესარჩევმა კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გვარები უკვე გადასცა. ახლა მათი გაცხრილვა და დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარდგენა, სწორედ პრეზიდენტის პრეროგატივაა, რისთვისაც სალომე ზურაბიშვილის 7 დღიანი ვადა აქვს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი შესაბამისი ოქმის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის ვაკანტური თანამდებობაზე განაცხადი 5-მა კანდიდატმა შემოიტანა:
🟠რევაზ ეგაძე
🟠გიორგი კალანდარიშვილი
🟠გიორგი შაიშმელაშვილი
🟠ნანული ბებია
🟠თამარ ალფაიძე.
კომისიისგან უარი არც ერთ კანდიდატს არ მიუღია.
ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადი შემოიტანა 10-მა ადამიანმა, მათგან 3-ს უარი ეთქვა არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო.
ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ კონსენსუსი შედგება დეპუტატებს შორის, რათა მხარი დაუჭირონ სწორედ გიორგი კალანდარიშვილს, თუ პრეზიდენტი კანონმდებლებს მის სახელს და გვარს გადაუგზავნის.
“მაქვს ბუნებრივია მოლოდინი და არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ როგორც პრეზიდენტის შემთხვევაში, ასევე შემდგომ, თუ მექნება შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოშიც, მქონდეს სათანადო მხარდაჭერა, თან იმ ფონზე, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ, მეორედ არჩევისას, მნიშვნელოვნად გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში და მრავალპარტიულ მხარდაჭერას ჰქონდა ადგილი. დღეს, ჩემს პირად ანგარიშზეა არაერთი პროგრესი, არაერთი შედეგი, არაერთი წინსვლა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, რომლის მიღმაც ასევე დგას საერთაშორისო ორგანიზაცების პოზიტიური შეფასებები, არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში.
შესაბამისად, ეს ყველაფერი მაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოლოდინი უნდა მქონდეს პოზიტიური და მოლოდინი უნდა მქონდეს ასევე იმისა, რომ ყველა ეტაპზე იქნება სათანადო მხარდაჭერა, თუ არ იქნება განსხვავებული პოლიტიკური დღისწესრიგი, შესაბამისი პოლიტიკური ინდივიდების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა მათი ინდივიდუალური გადაწყვეტის ნაწილია”, – აცხადებს კალანდარიშვილი.
შეგახსენებთ რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.