ომის მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომელიც 2-3 თვე გაგრძელდება
რუსეთმა უკრაინაში 46 250 ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეოთხე ეტაპზე გადავიდა – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა იულია ლატინინასთან ინტერვიუში. არესტოვიჩის თქმით, ომის მეოთხე ეტაპი გაგრძელდება ზამთრამდე, ორ-სამ თვეს.
არესტოვიჩის თქმით, ამ ეტაპს წინ სამი ეტაპი უძღოდა: სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების განდევნამდე; ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ოკუპაცია; მიკოლაივისა და კრივი რიჰის მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან წინსვლის წარუმატებელი მცდელობები, რომელიც 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
“ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები დადგებიან და ერთმანეთს დაარტყამენ, რამდენადაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ თავდასხმის ბევრად მეტი შანსი გვაქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ HIMARS გვაქვს, მათ კი არა,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
გუშინ, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში გარდამტეხი მომენტი უკვე დაიწყო. ბუდანოვის თქმით, ამის მაგალითია ბოლოდროინდელი რეგულარული აფეთქებები დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
ომი გრძელდება უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით კი, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 46 250 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
➡ტანკი – 1936
➡ჯავშანტექნიკა – 4251
➡საარტილერიო სისტემა – 1040
➡ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 272
➡საჰაერო თავდაცვის სისტემა – 148
➡თვითმფრინავი – 234
➡ვერტმფრენი – 202
➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 834
➡ფრთოსანი რაკეტა – 196
➡გემი/ნავი – 15
➡სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 3162
➡სპეცტექნიკა – 99
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
ამასთან ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) წერს, რომ ნაკლებსავარაუდოა, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის ზრდის თაობაზე ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილმა ბრძანებამ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაზარდოს რუსული არმის შესაძლებლობები და იმაზეც მიუთითებს, რომ ნაკლებმოსალოდნელია, პუტინმა სრული მობილიზაცია გამოაცხადოს.
პუტინის განკარგულებით 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 137 000 ადამიანით გაიზრდება, 1013 628-დან 1 150 628 -მდე. ძალის ასეთი მოკრძალებული ოდენობით ზრდა ISW-ის ექსპერტებს აძლევს მტკიცე ვარაუდის საფუძველს განაცხადონ, რომ პუტინი მასობრივი მობილიზაციის თავიდან არიდებას ემხრობა.
ამასთან, ინსტიტუტის თანახმად, კრემლი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, პუტინის ბრძანებით განსაზღვრული საბოლოო მიზნობრივი რაოდენობის – 1 150 000 სამხედროს მობილიზებას. ისტორიულად რუსეთი სამხედრო ძალის საბოლოო სამიზნე ოდენობამდე გაზრდის მიზანს ვერ აღწევდა.
2022 წელს, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აქტიურ სამხედრო სამსახურში სულ 850 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალურ საბოლოო ძალას – 1 000 000 -ზე მეტს.
რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნება სამხედროების დამატებითი რაოდენობის შეკრებისას. სხვა პრობლემების გარდა, რუსეთის არმიის საწვრთნელი შესაძლებლობები, სავარაუდოდ, შემცირებულია, ვინაიდან 24 თებერვალს კრემლმა საწვრთნელი ძალები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართო და, როგორც იტყობინებიან, დიდი დანაკარგი განიცადეს, ამბობენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში.
რუსეთს ოქტომბრის გაწვევის ფარგლებში 130 ათასი სამხედროს მოზიდვა შეუძლია, რითაც ომში დაღუპული და მძიმედ დაჭრილი სამხედროები უნდა ჩაანაცვლოს.
ალტერნატივად კრემს საბოლოო სამიზნე რაოდენობამდე სამხედრო ძალის გაზრდა შეუძლია დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების ძალის ჩართვით ან რუსული მოხალისეთა ქვედანაყოფების ხარჯზე, რომლებიც შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ფორმალურად არ შედიან. რუსეთის სამხედრო ძალის შესაძლებლობის ზრდა ნებისმიერი ამ ვარიანტითაც მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ასკვნიან ISW-ის ექსპერტები.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების გაზრდას 2,039,758 პირამდე, ამჟამინდელი 1,902,000-დან.