მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება.

“ეს არის საბრძოლო მოქმედებების 1300 კილომეტრი. უბრალოდ უსამართლოა, როდესაც ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე ბევრს საუბრობენ, ზოგი კი თითქოს დავიწყებულია. ჩვენი ჯარისკაცები მრავალი მიმართულებით აბსოლუტური გმირები არიან.

დონბასში, ხარკივის რეგიონში, ზაპოროჟიეს რეგიონში, სამხრეთით, ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთის სასაზღვრო რაიონებში, მთელი სახელმწიფოს დაცვას თანაბრად გულწრფელი და სერიოზული ყურადღება სჭირდება.

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გმირების, ჩვენი დამცველების სიცოცხლეზე. ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებიც ამაში გვეხმარებიან,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის განცხადებით, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხალხი კი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

“7 სექტემბერს, დილით, მრავალრიცხოვანი დაბომბვის შედეგად ქვესადგურ “ლუჩი”-ს დაზიანების შემდეგ, ენერგოდარის 1-2 უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თვეების განმავლობაში აქ ხალხი ყველაზე მეტად განიცდის რუსული პროვოკაციების შედეგებს და რეალურად ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა,” – თქვა ენერგოდარის მერმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლების წარმატებული მოქმედებებით, უკრაინულ კონტროლს დაუბრუნდა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის სოფელი ვერბოვკა, ვოლოხივ იარი, ბაირაკი და ქალაქი ბალაკლეია.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ ჩაიგდეს ის რუსი ოკუპანტები, რომლებმაც გაქცევა ვერ მოახერხეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სადაც ასახულია ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტები, ასევე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალები.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამ ეტაპზე პოზიციებს ამაგრებენ და ახალი შეტევებისთვის ემზადებიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ხარკოვის და ხერსონის ოლქებში განახორციელეს 7-ზე მეტი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, სხვა მიმართულებებით კი, ძირითადად, ტანკებს, საბრძოლო მანქანებს და რეაქტიულ არტილერიას იყენებდნენ.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგეს არ აძლევენ ქვეყნის სიღრმეში წინსვლის შესაძლებლობას. სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინული მედია სამი დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინის არმიის დანაყოფებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 450-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს და 20 ტანკი, ასევე ერთი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში უკრაინის სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 27 დარტყმა განახორციელა.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ჯერჯერობით არაფერს ამბობს ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე უკრაინელი სამხედროების შეტევაზე, რის შესახებაც 6 სექტემბერს იუწყებოდა სხვადასხვა არაოფიციალური წყარო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25.

სამხრეთის სარდლობამ წუხელ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ხერსონის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტის, მათ შორის ბელოგორკის და კოსტრომკის მიმართულებით ცდილობდა დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას, რისთვისაც საავიაციო დარტყმების ტაქტიკა გამოიყენა, თუმცა, უკრაინელი სამხედროების საპასუხო შეტევის შედეგად მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგა. გარდა ამისა, სარდლობის ცნობით, განადგურებულია 83 სამხედრო, საბრძოლო მასალების 3 საწყობი, 5 ტანკი, 12 ჰაუბიცა და სხვა ტექნიკა.

უკრაინის არმია ივლისის ბოლოდან აწარმოებს ინტენსიურ კონტრშეტევას ხერსონის ოლქში, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა 6 სექტემბერს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის სამხრეთში გათავისუფლებულია ზოგიერთი დასახლებული პუნქტი, რის შესახებაც ოფიციალურად მოგვიანებით განაცხადებენ.უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის ოლქის პრორუსული, ე.წ. სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია “როსია 1”-ს 5 სექტემბერს განუცხადა, რომ გადადეს რუსეთის შემადგენლობაში ხერსონის ოლქის შესვლის საკითხზე დაგეგმილი “რეფერენდუმი”. ამასთან, როგორც ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაცია, ისე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის მცდელობები წარუმატებელია.

ომის პირობებში, მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.
სლავიანსკის მერის, ვადიმ ლიახის განცხადებით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა სლავიანსკში სკოლა და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.

“ისევ ცუდი დილა გვაქვს. ორი დარტყმა. ჩერევკოვკა, მე-4 სკოლა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ტორსკაიას ქუჩა, სახლი #43. სადარბაზო ჩამოშლილია. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს,” – თქვა სლავიანსკის მერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ “რუსეთს არაფერი დაუკარგავს და არ დაკარგავს”. ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა.

“დარწმუნებული ვარ არაფერი დაგვიკარგავს და არაფერს დავკარგავთ. მთავარი შენაძენი ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაა და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება”, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე რუსულ ნავთობის ფასზე ჭერის დაწესებაზე ისაუბრა. პუტინის თქმით, სამომავლოდ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ათეულობით ათასი ჯარისკაცი უკვე დაკარგა. სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვა კი რუსეთის მძიმე დანაკარგებზე საუბრობს.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვს სამხედრო პერსონალის დეფიციტი აქვს და სამხედროების რაოდენობის გასაზრდელად სხვადასხვა გზას ეძებს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ომის ექვსი თვის თავზე 25 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button