მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კუპიანსკი აიღეს

14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინის ომის მსხვერპლი გახდა

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და იზიუმისკენ მიიწევენ, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ნატალია პოპოვა იუწყება.

“კუპიანსკი უკრაინაა. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – წერს იგი სოციალურ ქსელში, სადაც უკრაინელი ჯარისკაცების ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც კუპიანსკის საკრებულოს შენობის წინ უკრაინის დროშით ხელში დგანან.
კუპიანსკი რუსი დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. სწორედ ამ ქალაქის გავლით ხდებოდა დონბასში რუსი ჯარისკაცების აღჭურვილობით და ამუნიციით მომარაგება. კუპიანსკზე კონტროლის დაკარგვა ოკუპანტებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან მათი ჯარები ფაქტობრივად უკრაინელთა ალყაში აღმოჩნდნენ.

კრუპიანსკი ხარკივის ოლქს ეკუთვნის და ქალაქ ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

უკრაინის არმიამ ამ ტერიტორიის გათავისუფლება 2022 წლის 6 სექტემბერს დაიწყო. უკრაინელთა მოწინავე ქვედანაყოფები ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, რუსული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე 50 კმ სიღრმეზე შევიდნენ.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინელთა ეს კონტრშეტევა რუსებისთვის მოულოდნელი იყო. მათ სექტორი სუსტად ჰქონდათ დაცული. უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ტერიტორიაზე კონტროლი აიღეს და რამდენიმე ქალაქს ალყა შემოარტყეს.

რაც შეეხება ხერსონს – უკრაინის შეტევითი ოპერაციების გამო რუსეთის თავდაცვითი ფრონტი ზეწოლის ქვეშ იმყოფება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე.

ამასთან, არც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და არც სხვა უწყებებს ქალაქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
ამასთან 14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინის ომის მსხვერპლი გახდა – ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა განაცხადა.

“დღეს მდგომარეობით, ჩვენ გადავამოწმეთ და დავადასტურეთ, რომ 14 059 მშვიდობიანი მოქალაქე ომის მსხვერპლი გახდა. ბრძოლების შედეგად, დაიღუპა 5,767 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 8,292. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იქნება”, – თქვა ბოგნერმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს მისიის ცნობით, სულ მცირე 416 ადამიანი თვითნებური დაკავების ან იძულებითი გაუჩინარების მსხვერპლი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button