მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერლინში ვიზიტს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გერმანიაში, ბერლინში ვიზიტის დროს კოლეგას, გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.”შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას…

მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ.”, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, რათა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც გერმანიის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

„გერმანული მხარისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ინკლუზიურობის დაცვით, ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს აქტუალური მათ საგარეო პოლიტიკაში და გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი ასევე გაუსვა ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას.

„მქონდა პატივი, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მომეწერა მემორანდუმისთვის, რომელიც გააძლიერებს გერმანიასა და საქართველოს შორის კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას. კომისია, რომლის მუშაობის შედეგითაც მივიღეთ აღნიშნული მემორანდუმი შეიქმნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს. ეს მემორანდუმი იქნება ჩვენი თანამშრომლობის ახალი მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებასა და დამეგობრებას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება გერმანიის მხარდაჭერა, ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს, რომ რეგიონში შევინარჩუნოთ მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი გავხადოთ“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 13 სექტემბერს გაემგზავრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button