ჩინეთი მზადაა, რუსეთთან ერთად სამყარო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად უზბეკეთში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
პირველად 2019 წლის შემდეგ, ორგანიზაციის სამიტი ტარდება სრული შემადგენლობით. პუტინმა სამარყანდში შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან.
სამმხრივი შეხვედრისას ჩინეთის და მონღოლეთის ლიდერებთან, პუტინმა განაცხადა, რომ მიესალმება ენერგეტიკის სფეროში ამ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობას.
დაგეგმილი იყო ასევე პუტინის და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოლაპარაკება უკრაინის და ტაივანის, ასევე ორმხრივი ურთიერთობის გარშემო.
ჩინეთი რუსეთის ნავთობის უდიდესი შემსყიდველია. პუტინმა შეაქო უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის გაწონასწორებული პოზიცია. ეს იყო რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთის და რუსეთის ლიდერების პირველი შეხვედრა.
ასევე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იცავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და გმობს „აშშ-ისა და მისი თანამგზავრების პროვოკაციებს ტაივანში“.
ცნობისთვის, ერთის მხრივ, ჩინეთმა არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ, 7 აპრილს, როდესაც გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. მეორე მხრივ, ჩინეთი არც შეჭრის წინააღმდეგ განცხადებით გამოვიდა.
თავის მხრივ, სიმ თქვა, რომ ჩინეთს სურს რუსეთთან ერთად “იზრუნოს” სტაბილური მსოფლიოსთვის.
„ჩვენი დროის მსოფლიო მასშტაბით კოლოსალური ცვლილებების პერიოდში, რომელიც თანამედროვე ისტორიისთვის უპრეცედენტოა, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად შევქმნათ პასუხისმგებლობიანი მსოფლიო ძალის მაგალითი და ვითამაშოთ მთავარი როლი, რათა ასე სწრაფად ცვალებადი სამყარო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე დავაყენოთ“ – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
მედიის ცნობით, ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა დაიცვან რეგიონული უსაფრთხოების ინტერესები, განვითარებადი ქვეყნები და ახალი ბაზრები და გაამყარონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა მაგალითად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) და BRICS.
ამავე შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ტანდემი გლობალურ და რეგიონულ სტაბილურობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. პუტინმა თქვა, რომ 2 ქვეყანა დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის მხარესაა
„ჩვენ ერთად ვდგავართ სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის მხარეს, რომელიც საერთაშორისო სამართალს და გაეროს მთავარი როლს ეფუძნება და არა იმ წესებს, რაც ვიღაცამ გამოიგონა და ცდილობს სხვებს დაუწესოს, იმის ახსნის გარეშე თუ რას ითვალისწინებს“ – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ესმის ჩინეთის შეშფოთება უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და მზად არის, განმარტოს რუსეთის პოზიცია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებების ფარგლებში.
ეს მოლაპარაკებები სამარყანდში “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტის ფარგლებში იმართება.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, გვესმის თქვენი კითხვები და თქვენი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, დეტალურად განვმარტავთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – თქვა პუტინმა (ციტატა ინტერფაქსიდან).
პუტინი შეხვდა ასევე ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს, ასევე პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციების გასაწონასწორებლად შეიქმნა 2001 წელს. მასში ჩინეთთან და რუსეთთან ერთად გაერთიანებული არიან ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე პაკისტანი და ინდოეთი. მეთვალყურის სტატუსი აქვთ ირანსა და მონღოლეთს, ასევე სხვა ქვეყნებს. სტუმრის სტატუსით შეხვედრაზე მიწვეულია თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.
რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები უზბეკეთში, სამარყანდში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.