სოფელი იაცკოვკა თავისუფალია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს- ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეზე, ალექსეი გრომოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“შტურმის შედეგად თავდაცვის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს იაცკოვკას დასახლებაზე”, – თქვა გრომოვმა ბრიფინგზე.
გრომოვის თქმით, ბახმუტის მიმართულებით რთული, თუმცა კონტროლირებადი ვითარებაა. ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ დაბომბვას.
გრომოვი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ბახმუტის გარშემო განლაგებას ცდილობენ, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ხაზის კონტროლს.
„თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ ტაქტიკურ პოზიციას. ამრიგად, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფების დროული გადაჯგუფებისა და ბრძოლის მაღალი ხარისხით ორგანიზების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ადრე დაკარგული პოზიციის აღდგენა და ბახმუტის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე პოზიციების კონტროლის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ალექსეი გრომოვმა.