აშშ-ის სამხედრო დახმარება შეტაკების საშიშროებას ზრდის-რუსეთის ელჩი

აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნოს, რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას ზრდის, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, აშშ კონფლიქტის მონაწილეა.
„მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეწყვიტოს მისი პროვოკაციული ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს ყველაზე მძიმე შედეგები“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.
მანამდე, აშშ-მა უკრაინისთვის დამატებით 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის ჯარებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
გარდა ამისა უკრაინულმა ძალებმა ხერსონში კიდევ 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.
გათავისუფლებული დასახლებებია: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი, დიდი და პატარა ალექსანდროვკა.
“საგულდაგულოდ დაგეგმილი და ბრწყინვალედ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად გავათავისუფლეთ და აღვმართეთ უკრაინის სახელმწიფო დროშები ბერისლავის ოლქის რვა დასახლებაში”- ნათქვამია განცხადებაში.