რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 83 რაკეტა გაუშვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 83 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მასობრივი სარაკეტო თავდასხმებისა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების გარდა, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.
უკრაინული მედია წერს, რომ კრივოი როგში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა ფართომასშტაბიანი ცოცხალი ომის დანაშაულია.
„უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა არის ფართომასშტაბიანი ცოცხალი ომის დანაშაული და უწესო ომი. ამაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხი:
– უკრაინის საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის სისტემები
– რუსეთის ფედერაციის გაძევება ყველა საერთაშორისო სტენდიდან
– სპეციალური ტრიბუნალი, დაუყოვნებლივ დაპატიმრების ორდერი რუსი ხელისუფალებისთვის,“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა 10 ოქტომბრის დილას უკრაინაზე თავდასხმა განზრახ დაგეგმა ისე, რომ მას დიდი მსხვერპლი გამოეწვია სამოქალაქო მოსახლეობაში, და, ამავე დროს, მიზანში ამოიღო ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ირანში წარმოებული დრონების გამოყენებით.
მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები იყო პასუხი, მისი თქმით, კიევის “ტერორისტულ” ნაბიჯებზე, მათ შორის იმ ხიდის აფეთქებაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.
ზელენსკის თქმით, აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. “დღეს რთული დილა დადგა. ჩვენ ტერორისტებთან გვაქვს საქმე”, – ამბობს ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელშიც ის საპრეზიდენტო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. “ათობით რაკეტა და ირანული შაჰედი [ირანში წარმოებული დრონის ტიპი] … მათ ორი სამიზნე აქვთ – ენერგეტიკული ობიექტები ქვეყნის მასშტაბით… მათ სურთ პანიკა და ქაოსი, სურთ გაანადგურონ ჩვენი ენერგიის სისტემა”, – ამბობს ზელენსკი და დასძენს: “მეორე სამიზნეა ადამიანები. დრო და სამიზნეები საგანგებოდ შეირჩა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება დიდი ზარალი ყოფილიყო გამოწვეული”.
პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ვიდეოზარის დროს, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან გაუშვა “ზუსტი იარაღი” და მიზანში ამოიღო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტები.
მაგრამ თავდასხმები განხორციელდა დიდი ქალაქების საცხოვრებელ უბნებზე და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზეც. უკრაინის განცხადებით, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა კიევზე მიტანილი მხოლოდ ერთი იერიშის შედეგად.