რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ბელგოროდი დაბომბა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. ამ წყაროს თანახმად, ბელგოროდის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკში მდებარე საწყობზე შეტევა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიიდან და დარტყმის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია.
„ბელგოროდის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოხდა საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება. მოხდა მათი დეტონაცია. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან რუსეთის გვარდიის წარმომადგენლები.
უკრაინას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსული მედიის ცნობით, გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ნოვოოსკოლსკის რაიონში რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა.
ამასთან ხუთშაბათ საღამოს უკრაინის საზღვარზე მდებარე კურსკის რეგიონში ელექტრო ქვესადგურში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად უშუქოდ დარჩნენ სოფლები ტეტკინო და პოპოვო-ლეჟაჩი. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, აფეთქების მიზეზი უკრაინის მხრიდან განხორციელებული დაბომბვა გახდა. სულ ტეტკინოსა და პოპოვო-ლეჟაჩიში 15 ჭურვის დაცემა დაფიქსირდა. ადგილობრივ მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. სტაროვოიტისვე თქმით, ხუთშაბათს ჭურვი ჩავარდა სოფელ გუევოში მდებარე კულტურის სახლის წინ, რომელსაც მინები ჩაემსხვრა. მსხვერპლი არც იქ ყოფილა.უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან კურსკის რეგიონში ტერორისტული საფრთხის ე.წ. ყვითელი რეჟიმი მოქმედებს, რადგან რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიები არაერთხელ დაიბომბა.
ხუთშაბათს საღამოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქალაქში – ბელგოროდში – მომხდარი აფეთქებების შესახებ. სოციალურ ქსელებში თვითმხილველები ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ხანძარი შაქრის ქარხანას გაუჩნდა. ხანძრამდე მოსახლეობამ ხმამაღალი აფეთქებების მსგავსი ხმები მოისმინა.
როგორც “მედუზა” იუწყება, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ააფეთქეს რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი, რომელსაც ცეცხლი უკიდია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ბელგოროდში მდებარე საწყობში აფეთქებების შესახებ ცნობებს, მაგრამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი აცხადებს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.