მნიშვნელოვანისიახლეები

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს. როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ბავშვი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სახლში დღეს გაეწერა.

კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი.”

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს.

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული ბავშვის მდგომარეობას დღეს თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები გაეცნენ.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე. მისი თქმით, კრიტიკულმა პერიოდმა მშვიდად ჩაიარა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა დადებითია.

“ყველაზე კრიტიკულმა 24 საათმა ჩაიარა მშვიდობით, დადებითია დინამიკა. ანალიზებიც დღევანდელ მდგომარეობასთან შეფარდებით არის სრულიად მისაღები. რაც შეეხება მეორე ბავშვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სრულად სტაბილური და როგორც ექიმებს ვესაუბრე იაშვილის კლინიკაში, დღეს დიდი ალბათობით ის გაწერილი იქნება კლინიკიდან,” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურებაზე საუბრობს პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარიაც. მისი თქმით, ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილი:

“ვესაუბრე ბატონ დავით ციბაძეს, ვინც ახლა ხელმძღვანელობს ამ რეანიმაციულ პროცესს და რაც მთავარია ისინი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი მშობლების და ამ ბავშვის გულშემატკივრების გასახარად. ბავშვი ჯერ კიდევ იმყოფება რეანიმაციაში და ნაკლებად მძიმე, თუმცა მაინც, აღდგენის პროცესი წინ არის,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button