ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმაზე და აფხაზეთის დეოკუპაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა

უკრაინის მიერ ინიცირებული საერთაშორისო საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატის „ყირიმის პლატფორმის“ პირველ საპარლამენტო სამიტზე წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა დააყენა. ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს, „ყირიმის პლატფორმა“ გახდეს საწყისი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა რეგიონების დეოკუპაციას, რომლებიც გარკვეულ დროის წინ დაიპყრეს – ეს ეხება დნესტრისპირეთსა და აფხაზეთს, ასევე, უკრაინის სამხრეთის ტერიტორიებს.
“ეს ჩვენი ფორმატი, ყირიმის პლატფორმის ფორმატი, უნდა გავხადოთ საწყისი წერტილი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზაგრებში გამართული ღონისძიების მონაწილეებს ზელენსკიმ დისტანციურად მიმართა. მან ილაპარაკა ყირიმის დეოკუპაციის თემაზე. მისი თქმით, ახლა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება სამი რამ: სამხედრო და ფინანსური დახმარება, ასევე, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
პრეზიდენტ ზელენსკის გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა.
„უკრაინის პრეზიდენტი კვლავ ისტორიის ცუდად ცოდნის დემონსტრირებას ახდენს და ღია პროვოკაციას ეწევა“, – თქვა ინალ არძინბამ. მან დაამატა, რომ „აფხაზეთის მოქალაქეებმა თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთეს და იარაღით ხელში დაიცვეს უფლება, ააშენონ დამოუკიდებელი სახელმწიფო.
როგორც ინალ არძინბა აცხადებს, ნებისმიერი ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ პოლიტიკური სტატუსის ცვლილებას, აბსოლუტურად უპერსპექტივოა. „აფხაზეთის რესპუბლიკა მტკიცედ განაგრძობს სვლას საკუთარი სახელმწიფოებრიობის განვითარებას, მიუხედავად, გარედან წამოსული ნებისმიერი პროვოკაციისა“, – აღნიშნა არძინბამ.
ზელენსკი ამბობს, რომ 2014 წლის მდგომარეობით, ყირიმი ევროპის ერთადერთი ნაწილია, სადაც დე ფაქტო გაწმენდები მოხდა – რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე. მისი თქმით, თუ ადამიანი მუსლიმია ან ყირიმელი, ან უკრაინული პასპორტი აქვს, რუსი ოკუპანტები მათ დამნაშავედ თვლიან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი უკვე მეცხრე წელია ასეთ პირობებში ცხოვრობს.
“ყირიმის რეინტეგრაცია არ იქნება ადვილი ამდენი წლის ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ თანამშრომლობის წყალობით, ამის უზრუნველყოფასაც მოვახერხებთ. სიტუაციას მთლიანად შევცვლით. ვინაიდან რუსული აგრესიის პოტენციალი მთლიანად განადგურდება, როდესაც უკრაინის დროშა დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილას – ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ მოტანილი ქაოსი დროებითი უნდა იყოს – ის მიუთითებს, რომ ყველაფერი ყირიმით დაიწყო და მისი დაბრუნება ნამდვილი მშვიდობის დაბრუნებას ნიშნავს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის პოტენციალი სრულიად განადგურდება, როცა უკრაინის დროშა თავის კუთვნილ ადგილზე დაბრუნდება – ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. სამიტი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში შალვა პაპუაშვილთან ერთად შედიან პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.