მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-მ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას გამოუყო მორიგი დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება 275 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ახალი დახმარების შესახებ პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად განაცხადეს.

ოფიციალური ცნობის თანახმად, დახმარების ახალი პაკეტით უკრაინის არმია მიიღებს კიდევ 2 ერთეულ ზალპური ცეცხლის მობილურ სისტემა HIMARS-ს, 500 მართვად ჭურვს 155-მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, 1300-ზე მეტ გადასატან ანტისატანკო სისტემებს, 125 ერთეულ ჯავშანმანქანა Humvee-ს და 4 ანტენას სატელიტური კავშირგაბმულობისთვის. მთელი ეს საბრძოლო მასალა უკრაინას პენტაგონის რეზერვებიდან გადაეცემა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს 2021 წლის აგვისტოდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების 24-ე პაკეტია, რაც ჯამში თითქმის 18 მილიარდ დოლარს უტოლდება. “ზემოხსენებული სისტემები გავლენას ახდენს სამხედრო ოპერაციების მსვლელობაზე, რის გამოც, მაგალითად, ჩვენ უკრაინას HIMARS-ის სისტემებისთვის მეტ რაკეტას ვაწვდით”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგჰმა. მისივე თქმით, სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები უკრაინის არმიისთვის უზრუნველყოფს კომუნიკაციების ხელმისაწვდომობას იმ პირობებში, როდესაც რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურას ანადგურებს.

27 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში, აშშ უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებსაც (NASAM). ლაპარაკია 2 ერთეულზე.

NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ნებისმიერი ამინდის პირობებში. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას მიაწოდოს ამ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის რვა ერთეული, როგორც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილი.
გარდა ამისა რუსეთის სანქციებს კანადაც შეუერთდა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ახალი სანქციები რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირებსა და სუბიექტებს შეეხებათ.

“ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ენერგეტიკული სუბიექტების 35 მაღალჩინოსანს და ენერგეტიკული სექტორის 6 სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის უკანონო შეჭრაში. ჩვენ სანქციების დაწესებას, ასევე, ვგეგმავთ რუსეთის იუსტიციისა და უსაფრთხოების სექტორების წარმომადგენლებზეც”, – თქვა მან.

მისივე თქმით, გაიზრდება უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და გამოიყოფა დაფინანსება, რათა უკრაინას ზამთრისთვის მოსამზადებლად დაეხმარონ – ამის ფარგლებში უკრაინელები მოახერხებენ, რომ უზრუნველყონ თავშესაფრები, ასევე, მოიმარაგონ საბნები, ტანსაცმელები და გასათბობი მოწყობილობები.

“კანადა აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენ ერთად ვუჭერთ მხარს თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართალს. ერთად ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, – წერს ის.

ამასთან, როგორც ტრუდო აღნიშნავს, მალე კანადა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის სუვერენიტეტის ობლიგაციებს გამოსცემს, რაც მთავრობას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში დაეხმარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button