დონეცკის ოლქი ოკუპანტების მხრიდან ყოველდღიურად იბომბება
რუსულმა ძალებმა ღამით მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს

უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას ყველა მცხოვრები ევაკუირებულია.
ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ქალაქი მარინკა რუსი ოკუპანტების მხრიდან ყოველდღიურად იბომბება. პრესსამსახური აღნიშნავს, რომ მეზობელ კრასნოგოროვკაში კვლავ რჩება 800 მცხოვრები და ამასთან, რუსები ქალაქაქს ყოველდღე ბომბავენ.
უკრაინის ცნობით, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ფრონტის ხაზის დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან და სოფლებიდან.
უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, დეოკუპირებული ტერიტორიებიდან უკვე 22 000 უკრაინელია ევაკუირებული.
პარალელურად, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. “ადმინისტრაცია” ახორციელებს ხალხის იძულებით “ევაკუაციას”. ისინი დეპორტირებული არიან დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამით მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს.
“3 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით 23:30 საათზე, მტერმა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანს S-300 რაკეტები ესროლა, შედეგად განადგურდა საწყობი, ადმინისტრაციული შენობა და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ასევე, სარაკეტო დარტყმის გამო, ხანძარი გაჩნდა სხვა საწყობში, რომლის ლიკვიდაციაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მოახდინა,” – თქვა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კიმი ამბობს, რომ 3 ნოემბერს მტერმა ესროლა მიკოლაივის რეგიონის პერვომაისკეს თემის დასახლებას, ბაშტანის რეგიონში. მისი თქმით, ასევე 3 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე და 4 ნოემბერს 04:45 საათზე დაბომბეს შიროკოვსკაიას თემის დასახლება.
1 ნოემბერს, რუსეთი კვლავ დაესხა თავს მიკოლაივს. რუსულმა ძალებმა S-300 კომპლექსიდან ქალაქში რაკეტები გაუშვეს. რუსული დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ხანძარი კი 5 სართულიან შენობაში გაჩნდა. თავდასხმას მოხუცი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსებენთ რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 74 840 ჯარისკაცი დაკარგა.