საქართველოს პრემიერმინისტრმა მშობლებისგან საჩუქრად 150 000 ლარი მიიღო

ახალი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 29 ოქტომბრით თარიღდება, საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს – ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღარიბაშვილი მშობლებისგან მსხვილ თანხას იღებს საჩუქრის სახით.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ პრემიერი ფლობს 50 000 ლარის დანაზოგს, ასევე, სამ ბინას თბილისში – მან გაგარინის ქუჩაზე 121,8 კვ.მ-ის ბინა 2009 წელს 100 000 ლარად შეიძინა, მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ-ისა და 159-ის ბინები 2011 წელს ჯამში 406 000 ლარად.
მას ეკუთვნის 2019 წელს ნაყიდი აუდი A8, რომლის ღირებულებაც 75 620 ევროა. ამასთან, ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის მფლობელობაშია RANGE ROVER VELAR, რომელიც 2018 წელს 46 000 ევროდ შეიძინა.
ამასთან გასულ წელს მას და მის მეუღლეს უძრავი ქონება ან ავტომობილი არ შეუძენიათ.