fbpx
Hereti FM

ზეწოლა რადიო ჰერეთზე [Audio]

262
Share Button

ზეწოლა რადიო ჰერეთზე – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ, რომელიც სავარაუდოდ ნასვამი იყო, „ჰერეთის“ ჟურნალისტს სოფო სარალიძეს დღეს საკრებულოს სხდომაზე უყვირა და „ჰერეთის“ ეთერში მხოლოდ დადებითი ინფორმაციის გაშუქება უბრძანა.

გოდერძი ბარბაქაძე ჟურნალისტისგან ითხოვდა გაეშუქებინა ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვის ამბავი. საკრებულოს სხდომა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში ბარბაქაძემ ჟურნალისტის მისამართით საყვედური ყვირილით რამდენჯერმე გამოთქვა, მათ შორის უხეში ფორმებით.

გოდერძი ბარბაქაძეს ჟურნალისტმა განუცხადა, რომ მის არცერთ საყვედურს არ იღებს. სოფო სარალიძემ მას განუმარტა, რომ სტიქიით დაზარალებულთა სახლების გადახურვის თემა სამაუწყებლო კომპანიამ გააშუქა, სადაც კმაყოფილ მოსახლეობასთან ერთად იყვნენ უკმაყოფილოებიც.

ჟურნალისტის ამ პასუხმა საკრებულოს თავმჯდომარე არ დააკმაყოფილა და ის დაჟინებით ითხოვდა, რომ „ჰერეთს“ ამბები მხოლოდ დადებით კონტექსტში გაეშუქებინა.

თავმჯდომარის ეს ქმედებები უარყოფითად შეაფასეს საკრებულოს წევრებმა. ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ნაწილი ღიად ამბობს, რომ “გოდერძი ბარბაქაძის ეს საქციელი მედიაზე ზეწოლაა”.

ჟურნალისტი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დღეს სავარაუდოდ ნასვამი იყო, თუმცა თავად გოდერძი ბარბაქაძემ უარყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის სუნი სხდომათა დარბაზშიც იდგა.

აუდიომასალა

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი