უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკში “ახმატის” ბატალიონის ქვედანაყოფი დაამარცხეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.
“გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლისიჩანსკში “ახმატის” ბატალიონის ქვედანაყოფი დაამარცხეს. შედეგად, 30-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა, ხოლო 15-მდე დაშავდა. დაღუპულთა რეალურ რაოდენობას მტერი საგულდაგულოდ მალავს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: “ჩრდილოეთი-ახმატი”, “სამხრეთი-ახმატი”, “დასავლეთი-ახმატი” და “აღმოსავლეთი-ახმატი”, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული.
კადიროვი იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიარაღებულ ძალებს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!” – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.