ოკუპანტები ღამით კამიკაძე დრონებით დნეპერს თავს დაესხნენ
თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან

წუხელ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებით მასირებული შეტევა განახორციელეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება. მისი ინფორმაციით, 5 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.
“ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ხუთი მოძრავი საბრძოლო მასალა. დნიპრში დრონებით დაბომბეს ლოჯისტიკური კომპანია. დაიჭრა მისი ოთხი თანამშრომელი. ყველა საავადმყოფოშია. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – წერს რეზნიჩენკო ტელეგრამაში.
მისივე თქმით, დარტყმის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. „საწარმოს საწყობები განადგურდა“, წერს რეზნიჩენკო და არ აკონკრეტებს რა საწარმოზეა საუბარი.
გარდა ამისა, რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსულმა არმიამ ნიკოპოლის რაიონში მძიმე არტილერიიდან დარტყმა განახორციელა (იგი მდებარეობს დნეპრის ნაპირზე, რუსეთის არმიის მიერ დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოპირდაპირედ ). მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში განადგურებულია ლოგისტიკური საწარმოს საწყობები. დაჭრილია 4 ადამიანი, მათგან 3 – მძიმედ. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ხანძარი გაჩნდა 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ნიკოპოლის რაიონიც, სადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და კერძო საწარმო. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობითვე, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე ისევ აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბელარუსი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას და მის უზრუნველყოფას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიით და საჰაერო სივრცით. ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჯარისო დაჯგუფების შექმნაც.
უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 18 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 9 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 1 პუნქტი და ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი.