ხერსონიდან რუსეთის არმიის უკან დახევა უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

ხერსონიდან რუსეთის არმიის უკან დახევა უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“აშკარაა, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ – ეს უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ნატო დააკვირდება მართლა ტოვებენ თუ არა რუსი სამხედროები დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე კვლავ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, “რამდენიც საჭირო იქნება”.
“ნატოს მოკავშირეების, მათ შორის იტალიის, უპრეცედენტო დახმარება ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება უკრაინის წინსვლისთვის”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქ ხერსონიდან გასვლის შესახებ. 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხებოდა, ბაიდენმა განაცხადა, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო და ადასტურებს, რომ მათ რეალური პრობლემები აქვთ.
აშშ-ის პრეზიდენტმა საინტერესო უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დაელოდა აშშ-ში არჩევნების დასრულებას. ბაიდენის შეფასებით, ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლა ორივე მხარეს მისცემს ზამთრის განმავლობაში პოზიციების გადახედვის შესაძლებლობას, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მზად იქნება თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემოციების გარეშე გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას ხერსონის დატოვების შესახებ. უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ თქვა, რომ საინფორმაციო სივრცეში დიდი სიხარული გასაგებია, მაგრამ ომის დროს საჭიროა ემოციების შეკავება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, როცა საკუთარი შედეგები ექნებათ ქვეყნის სამხრეთში, აღმოსავლეთსა და სხვაგან, ამას აუცილებლად ყველა დაინახავს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, რომ არავინ არსაიდან ისე არ მიდის, თუ ძალას არ გრძნობს, მტერი უკრაინას არ უკეთებს საჩუქრებს და კეთილი ნების ჟესტებს და ამ ყველაფრისთვის იბრძვიან.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ნაბიჯს მოჰყვება მტრის წინააღმდეგობა და საკუთარი გმირების სიცოცხლის დაკარგვა, ამიტომ წინ მიიწევენ აკურატულად და ემოციების და ზედმეტი რისკის გარეშე და სწორედ ასე უზრუნველყოფენ ხერსონის, კახოვკის, დონეცკის და სხვა ქალაქების გათავისუფლებას.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს – ამის შესახებ მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ჯარები ჰერსონის ოლქში შეტევას გეგმის მიხედვით აგრძელებენ.
პარალელურად, რუსული ძალები ჰერსონის ოლქს ტოვებენ. უკრაინის ძალები უკვე იმ სოფლებში იმყოფებიან, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
ჰერსონის დაკავება რუსეთმა ომის დაწყების პირველივე დღიდან მოახერხა, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჯარებმა ქალაქის დატოვების და თავდაცვის ხაზის, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოწყობის განკარგულება მიიღეს.
9 ნოემბერს, საღამოს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე.
გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.