რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ოლქის “ახალი დედაქალაქი” დაასახელა
ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება-კულება

მას შემდეგ, რაც უკრინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ, ხოლო კრემლმა საკუთარი ჯარები ქალაქიდან გაიყვანა, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ოლქის “ახალი დედაქალაქი” დაასახელა. საოკუპაციო ე.წ. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დროებითი დედაქალაქი ჰენიჩესკი იქნება.
“დღეს ხერსონის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული დედაქალაქია ჰენიჩესკი. იქ იქნება განლაგებული ყველა მთავარი ხელისუფლება”, – თქვა მან.
გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სახმედროებმა ხერსონში შესვლა დაიწყეს – ამაზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვამაც და აღნიშნა, რომ ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს.
ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიული დღე უწოდა – მისი თქმით, უკრაინის იმედი ყოველთვის გამართლებულია და უკრაინა ყოველთვის უბრუნებს თავისას.
ხერსონში უკრაინის წარმატებას გამოეხმაურა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები მომდევნო დღეებში დამატებით დასახლებებს გაათავისუფლებენ და დაასრულებენ გათავისუფლებას იმ ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მათი კონტროლის ქვეშ.
ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე განაცხადა, როდესაც მან ხერსონის გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სამიტის ფარგლებში შეხვედრა არ უთხოვია.
„თუ ის ამას გააკეთებს, ყურადღებით განვიხილავთ თხოვნას“, – განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.
„არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგიდასთან ლამაზი ფოტოსთვის დაჯდომა – ეს უკვე იყო, გავაკეთეთ, გამოვცადეთ”, – აღნიშნა კულებამ.