მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინს აკრიტიკებენ

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW), თავის მორიგ ანგარიშში პუტინის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკის ტალღის შესახებ წერს, რომელიც მათი განცხადებით, ხერსონის ჩაბარებამ გამოიწვია.

რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დატოვებამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ომის მომხრეებს შორის იდეოლოგიური გახლეჩვა გამოიწვია. უკან დახევამ ჩამოშალა ნაციონალისტების რწმენა, რომ პუტინს შესწევს უნარი შეასრულოს თავისი დაპირებები, – აცხადებენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში.

ISW-ის მაგალითად მოჰყავს რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის პუბლიკაცია, რომელმაც პუტინი ღიად გააკრიტიკა ხერსონის დათმობის გამო.

ნაციონალისტურად განწყობილი პროპაგანდისტები, ისეთი როგორიცაა ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიევი, სულ უფრო ხშირად მოითხოვს კრემლისა და სამხედრო მაღალჩინოსნებისგან რუსეთში სრული მობილიზაციის გამოცხადებასა და ხერსონის ჩაბარების შემდეგ, არაკომპეტენტური მაღალჩინოსნების გათავისუფლებას.

ISW- ის ვერსიით, პუტინის მსგავსი პირდაპირი კრიტიკა ომის მომხრეების მხრიდან, უპრეცედენტოა. ხოლო დუგინის ღია თავდასხმა პუტინზე, შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ ნაციონალიზმის იდეოლოგთა წრეში განწყობები იცვლება.

უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც რუსეთის ჯარმა დატოვა, უკრაინელი მოხელეები ბრუნდებიან და იწყებენ „სტაბილიზების“ პროცესს, მუშაობას შეუდგა პოლიცია, სახელმწიფო რადიო და ტელევიზია. ქალაქში ჩავიდა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, იაროსლავ იანუშევიჩი.

ხერსონი რამდენიმე თვე ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ქალაქიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად.“

მსგავსი პოსტები

Back to top button